სიახლეები
×
ეკომეგობრული სკოლების მარათონი დაიწყო
14.12.2017

გარემოს დაცვა – ეს არის ბოლო დროის ყველაზე აქტუალური საკითხი, რომლის გაცნობიერება და გათავისებაც ადრეული ასაკიდან უნდა მოხდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება "ტისუპეიპერის" პროექტი "მწვანე არდადეგები". "დაზოგეთ ქაღალდი! დაზოგეთ ტყე!" – ასე ჟღერს კონკურსის სლოგანი, რომლის ფარგლებშიც სკოლები ერთმანეთს მაკულატურის ჩაბარებაში ეჯიბრებიან. პროექტის განსაკუთრებული მიზნებიდან გამომდინარე, თითოეული სკოლის ჩართულობა მნიშვნელოვანია. 

ამჟამად "ტისუპეიპერი" CENN–თან ერთად "მწვანე არდადეგების" პრიზის მოსაპოვებლად კონკურსის მეორე ეტაპს აცხადებს. 

კონკურსის ფარგლებში, სკოლებმა უნდა შეაგროვონ მაკულატურა, რის შედეგადაც "ნერგი ბარათზე" დაგროვებული ქულების სანაცვლოდ ახალ წიგნებს მიიღებენ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. სკოლები, რომლებიც ყველაზე მეტ მაკულატურას ჩააბარებენ "მწვანე არდადეგების" განსაკუთრებული პრიზის მფლობელები გახდებიან და დამატებით მიიღებენ ქულებს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში. გამარჯვებული სკოლებისთვის დასაჯილდოვებლად საპრიზო ფონდი 1500 ლარია. აღნიშნული თანხით მოხდება გარემოსდაცვითი ლიტერატურის შეძენა გამარჯვებული 3 სკოლისათვის.

პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში მაკულატურის მოგროვება 2018 წლის პირველი იანვრამდეა შესაძლებელი. სკოლებიდან მაკულატურის გატანა 1 იანვრიდან 20 თებერვლამდე მოხდება. გამარჯვებულები კი 2018 წლის 20 თებერვალს გამოვლინდებიან. 

"პროექტის მთავარი მიზანია, ბავშვებმა ადრეული ასაკიდან გააცნობიერონ, რომ ქაღალდის წარმოება მეორადი ქაღალდითაც არის შესაძლებელი, რაც უამრავ ხეს მოჭრისგან გადაარჩენს. გვინდა, რომ ქაღალდის შეგროვების ტრადიცია დავამკვიდროთ. ეს კი სკოლებიდან და წიგნის პატრა მკითხველებისგან უნდა დავიწყოთ," – განმარტავს "ტისუპეპერის" პროექტების მენეჯერი დოდო ყურაშვილი.

უსარგებლო ქაღალდის მოშორება, გარემოზე ზიანის შემცირება და ბიბლიოთეკის განახლება - ასეთია სამმაგი სარგებელი, რომელსაც სკოლები და მათი მოსწავლეები კონკურში ჩართულობის შედეგად მიიღებენ. ბავშვებს კი ადრეული ასაკიდანვე ეკომეგორბული აზროვნება ჩამოუყალიბდებათ, რაც თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. საუკუნეებია ქაღალდის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მისაღებად ხეები მასშტაბურად იკაფება. გაკაფული ტერიტორიის რიცხვი 32 ათას ჰექტარს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადში ორჯერ მთელი საქართველოს ტოლი ფართობის ტყეს ვკარგავთ.

პროექტის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა და ის ზაფხულის არდადეგებს დაემთხვა. კონკურსმა სრულიად საქართველო მოიცვა და გამარჯვებული სკოლებიც რეგიონების, ქუთაისისა და მარნეულის წარმომადგენლები იყვნენ. კონკურსის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ აქტივობა ამჯერადაც მაღალი იქნება და სკოლები პირველობისთვის ბრძოლასა და "მწვანე" სტატუსის მოპოვებაში ერთმანეთს შეეჯიბრებიან.

ინიციატივა ხორციელდება პროექტის – ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. ინიციატივის თანამონაწილეა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა "ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II".

 

ასევე დაგაინტერესებთ